ახალი შესაძლებლობები გერმანული ინვესტიციებისთვის საქართველოში

 

საქართველოს ბიზნეს-გარემოს შესწავლის, საქმიანი კონტაქტების დამყარებისა და თანამშრომლობის გააქტიურების მიზნით, თბილისს სამუშაო ვიზიტად სტუმრობენ მიუნჰენისა და ზემო ბავარიის ინდუსტრიისა და სავაჭრო პალატის(IHK) წარმომადგენლები, რომელთა  მასპინძელი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაა.

1 მაისს, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა კახა ბაინდურაშვილმა და  მიუნჰენისა და ზემო ბავარიის  ინდუსტრიისა და სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა ანტონ კათრაინმა (Anton Kathrein)    ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

ბავარია ევროპის ყველაზე დინამიური ეკონომიკური რეგიონია. მიუხედავად ეკონომიკური კრიზისასა, ბავარიამ მშპ-ით 2010 წელს 430 მილიარდი ევროთი გადააჭარბა ევროკავშირის 27-ზე მეტ წევრ ქვეყანას. თავად მიუნჰენისა და ზემო ბავარიის ინდუსტრიისა და სავაჭრო პალატა აერთიანებს 360.000-ზე მეტ კომპანიას. პალატა კონსულტირებას უწევს წევრ ფირმებს და დამწყებ მეწარმეებს განათლების და კვალიფიკაციის ამაღლების, საგადასახადო, ინოვაციის, ექსპორტისა და ბიზნესის სფეროებში.

საქართველოს ბიზნეს-პოტენციალის გასაცნობად ამჟამად თბილისში ჩამოსულები არიან მსოფლიოში ცნობილი კომპანიები ისეთი სფეროებიდან როგორიცაა: ტრანსპორტი-ლოგისტიკა, მშენებლობა-დაგეგმარება, მანქანათმშენებლობა, აერონავიგაცია, საკომუნიკაციო ინდუსტრია და სხვა. თბილისს სტუმრობენ ბავარიის წამყვანი კომერციული ბანკი   BayernLB,-ს  კომპანია Hippi-ის, გერმანიის ერთ-ერთი უდიდესი დაგეგმარების ბიურო Koch+Partner-ის, სარკინიგზო და სატვირთო ავტომანქანების სამუხრუჭე სისტემების წამყვანი  მწარმოებელი მსოფლიოში Knorr-Bremse-ის წარმომადგენლები.

თითოეული კომპანია დაინტერესებულია საქართველოსთან საქმიანი ურთიერთობით  და ეძებს ადგილობრივ პარტნიორებს, რადგან ბავარიული საწარმოები ხედავენ კარგ პოტენციალს ქართულ ეკონომიკაში, რომელიც ბოლო წლებში ასევე საგრძნობლად გაიზარდა. 

აღსანიშნავია, რომ ეს გერმანული მხარის საპასუხო ვიზიტია საქართველოში. წლის დასაწყისში ბავარიაში იმყოფებოდა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი კახა ბაინდურაშვილი, რომლის დროსაც შეთანხმდა გერმანული მხარის აღნიშნული ვიზიტი საქართველოში.